საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან თამარ სანიკიძესა და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია, სადაც მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩვენება, ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების პრეზენტაცია გაიმართა.

უნივერსიტეტში სრული მზაობა გამოიკვეთა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული დუალური პროფესიული განათლების რეფორმის განსახორციელებლად, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, ისე ადამიანური რესურსებითა და სწავლების ინოვაციური მეთოდებით.

დუალური პროფესიული განათლება გულისხმობს სწორედ, დამსაქმებლისა და კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში, სასწავლო პროცესის წარმართვას ორ სივრცეში, როგორც საწარმოო პრაქტიკის ობიექტზე, ისე უნივერსიტეტში. პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერება კი, უზრუნველყოფს თეორიულთან ერთად, პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლებას და დასაქმების მაღალ მაჩვენებელს.