მიმდინარე წლის 14 მარტს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ,  შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, სტუდენტებს რეგიონში მთავრობის საქმიანობის 3 წლის და გუბერნატორის საქმიანობის 2 წლის ანგარიში წარუდგინა.

სამი წლის განმავლობაში რეგიონში 1359 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან  632 მილიონი ლარი დაიხარჯა. სამუშაოების შესრულების დროს დასაქმდა 9 ათასამდე ადგილობრივი მცხოვრები.

გუბერნატორმა, დღესვე, სტუდენტებს 2016 წელს დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

სამეგრელო-ზემო სვანეთში 2016 წელი ახალგაზრდობის წლად ცხადდება. რეგიონში 3 სპორტის სასახლის მშენებლობა იწყება.

მხარის გუბერნატოსრმა დღეს სტუდენტებს ამცნო, რომ თბილისის შემდეგ მეორე ქალაქი, სადაც ტექნოპარკი აშენდება ზუგდიდი იქნება. უკვე მიმდინარეობს ტერიტორიის შერჩევის პროცესი.

ლევან შონიამ სტუდენტებს ახალი ინიციატივაც გააცნო, ქალაქ ზუგდიდის მერიას უკვე შემუშავებული აქვს პროექტი, რომლის თანახმადაც სტუდენტები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს ნახევარ ფასს გადაიხდიან, ხოლო სოციალურად დაუცველი სტუდენტები უფასოდ იმგზავრებენ.

შეხვედრის მეორე ნაწილში სახელმწიფო რწმუნებულმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას რეგიონის გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ, სტუდენტებს შეკითხვების დასმა და ამომწურავი პასუხების მიღება მათგანაც შეეძლოთ.

მსგავს ფორმატში შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებთან გეგმავს.