საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „შენი ხმა ჩვენი მომავლია" კამპანიის ფარგლებში, ზუგდიდში, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში შეხვდა ახალგაზრდებს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, კამპანია არ ემსახურება მოწოდებას, რომელიმე პარტიის მხარდასაჭერად, არამედ ემსახურება მოქალაქეების გააქტიურებას.

პრეზიდენტის სიტყვებით, საზოგადოებაში შეინიშნება იმედგაცრუება, რაც ხშირად გამოწვეულია იმით, რომ არ მოსწონთ პოლიტიკური სუბიექტები ან არ არიან კმაყოფილი ხელისუფლების მუშაობით. მისი განცხადებით, სწორედ ამ იმედგაცრუების და საზოგადოებაში არსებული ნიჰილიზმის გამო დაიწყო კამპანია „შენი ხმა ჩვენი მომავლია".

მარგველაშვილის თქმითვე, ამომრჩევლების აქტიურობა ქმნის ძლიერ, დემოკრატიულ, ქვეყანას. ამიტომაც ყველა მოქალაქე უნდა იყოს საარჩევნო პროცესში ჩართული, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია, მივიდეს საარჩევნო უბნებთან და რომელიმე პარტიას, რომელიმე პოლიტიკურ ლიდერს მისცეს ხმა.

„შეიძლება იმედი გაგიცრუვდეს ამა თუ იმ პოლიტიკოსზე, მაგრამ არ შეიძლება იმედი გაგიცრუვდეს შენს სამშობლოზე, შენს სახელმწიფოზე და გადგე გვერდზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებიდან“, - განაცხადა პრეზიდენტმა. მან მოგვინაებით სტუდენტების კითხვებს უპასუხა.

პროექტი „შენი ხმა ჩვენი მომავლია" საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს არჩევნებში მონაწილეობის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გაზრდას.