2014-2015 სასწავლო წლიდან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მოცეკვავის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები პროფესიულ დონეზე ეუფლებიან ქართული ხალხური ცეკვის საშემსრულებლო ხელოვნების თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს, სამსახიობო ოსტატობას. გარდა ქართული ხალხური ცეკვებისა, გარკვეული საათები ეთმობა მსოფლიო ხალხთა ცეკვებს. ახალგაზრდების აქტიურობამ და პროგრამის წარმატებულად განხორციელებამ განაპირობა უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლის ჩამოყალიბება. ანსამბლმა ძალიან მოკლე დროში მიაღწია წარმატებას- 2016 წელს მონაწილეობა მიიღო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ პროექტში, „სტუდენტური დღეები 2016“. ეს იყო ანსამბლის დებიუტი, გადალახა პირველი ტური და დასკვნით ეტაპზე ჟიურის მოწონება დაიმსახურა. რესპუბლიკურ ფესტივალ-კონკურსზე „ბათუმი 2016“, ანსამბლი დაჯილდოვდა გრან-პრით და დასაჩუქრდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ფესტივალის საგზურით. ღონისძიების ორგანიზატორი იყო კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის საზოგადოება. ანსამბლი დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება და თავისი წვლილი შეაქვს უნივერსიტეტისა და ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში.