შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 23 ივლისს გაიხსნა ზაფხულის სკოლა თემაზე ,,კონსტიტუციური სახელმწიფო და ძირითადი უფლებები“. ზაფხულის სკოლის ფარგლებში გაიმართა თანამედროვე ქართული სივრცისთვის რელევანტურ საზოგადოებრივ საკითხებზე სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს, დემოკრატიის პრინციპების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ აკადემიური და საზოგადოებრივი დისკუსიები შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობით.

ზაფხულის სკოლის ლექციებსა და ვორქშოფებს უძღვებოდნენ ქართველი და ევროპელი პროფესორები. მათ შორის: მათიას კუმი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი), გეორგ ლომანი (მაგდებურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი), მამუკა ბერიაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), გიორგი ვაშაკიძე (შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფოუნივერსიტეტი, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი), ლევან შატბერაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).

მონაწილეებმა მიიღეს სიღრმისეული და კომპლექსური ინფორმაცია შემდეგ თემებზე:

· კონსტიტუციური ანუ სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოს პრინციპი.

· ადამიანის ძირითადი უფლებები.

· ადამიანის უფლებები, როგორც თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოების გამოწვევა.

· სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა კონსტიტუციურ სახელმწიფოში.

პროექტის ფარგლებში უცხოელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული სემინარების მასალა ითარგმნება ქართულად და გამოქვეყნდება კრებულის სახით.

ზაფხულის სკოლის პროექტში ჩართული იყო უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 55 სტუდენტი. ზაფხულის სკოლის ფარგლებში ჩატარდა მხარეთმცოდნეობით-შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები. სკოლის დახურვის ცერემონიალი 29 ივლისს გაიმართა. კურსდამთავრებულებს გადაეცათ სერტიფიკატები.