2018 წლის 2 ოქტომბერს მცხეთის რაიონის სოფელ წინამძღვრიანთკარში, კერძოდ:    ,,ილია წინამძღვრიშვილის სახელობის საზოგადოებრივ კოლეჯში“ გაიმართა პროფესიული განათლების 135 წლისთავისადმი მიძღვნილი  იუბილე.   კოლეჯი   საქართველოს პირველი და უძველესი პროფესიული სასწავლებელია, რომელიც ცნობილი პედაგოგისა და პუბლიცისტის - ილია წინამძღვრიშვილის მიერ დაარსდა. მის წარმატებასა და განვითარებაში წვლილი შეიტანეს ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა და ნიკო ცხვედაძემ.

აღნიშნულ საზეიმო ღონისძიებას დაემთხვა გაეროს განვითარების პროექტის ,,სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების“ დახურვა.  ღონისძიების ფორმატში სამუშაოზე დაფუძნებული, დუალურ სწავლებაში ჩართული სასწავლებლების მიერ  მოეწყო თემატური გამოფენა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ,,მეხილეობის (კაკლოვანი კულტურების)“ მე-4 საფეხურის დუალური პროგრამის სენაკის ბაზის პროფესიულმა სტუდენტებმა, პროფესიული განათლების მასწავლებლებმა და ადმინისტრაციამ.  გამოფენის დროს რამდენიმე სტუდენტმა ,,კაკლოვან კულტურაზე აზიური ფაროსანასგან გამოწვეული დაავადებათა სიმპტომების, მათი ციკლისა და ბრძოლის მეთოდების” ფარგლებში დამთვალიერებლებს მიაწოდა სასარგებლო რჩევები, მოახდინა მწერების  მექანიკური და ქიმიური მეთოდის სიმულაცია.

ისტორიულ ადგილას ,,ცხრამუხა“ გაიმართა ,,პროფესიული განათლების შესახებ“ მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, რომელიც დამზადდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით  აღნიშნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის.  საზეიმო ღონისძიებას  ესწრებოდნენ მინისტრები,  დონორი ორგანიზაციისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები    და ა.შ.