2018 წლის 7 ოქტომბერს ფინანსური განათლების წლის ფარგლებში,შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს" უმასპინძლა. ღონისძიება ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით წელს მეორედ ჩატარდა.

ინოვაციების ბანაკი ფინანსური წიგნიერების თემაზე - ეს არის იდეების გენერირების 12-საათიანი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ კონკრეტული ბიზნეს და საგანმანათლებლო გამოწვევის გარშემო. ახალგაზრდების ამოცანაა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებითა და ინოვაციური გზებით გადაჭრან არსებული პრობლემები.
ინოვაციების ბანაკი ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის "სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" ფარგლებში ხორციელდება და 2018 წელს მასში ექვსი კომერციული ბანკი - თიბისი ბანკი, კრედო ბანკი, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, ტერა ბანკი, ფინკა ბანკი საქართველო - და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი ჩაერთო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 15-დან 18 წლამდე ასაკის 120-მა ახალგაზრდამ აჭარის, გურიის, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებიდან; მათ შორის შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნვიერსიტეტის სტუდენტებმაც.
ღონისძიების გახსნისას მონაწილეებს ჩაუტარდათ ინტერაქტიული პრეზენტაცია ფინანსური განათლების თემაზე, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა იმსჯელეს ფინანსური განათლების არსისა და მნიშვნელობის შესახებ. ამის შემდეგ მათ მიეცათ სიტუაციური დავალება, რომლის გადაჭრის გზებზეც დღის განმავლობაში გუნდურად იმუშავეს.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოახდინონ იდეების განვითარება და ჩამოყალიბება შეზღუდული დროის პირობებში. მუშაობის პროცესში მათ ჰქონდათ წვდომა საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე, კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კი საფინანსო სფეროს „მოხალისე ექსპერტების" როლი შეასრულეს: ისინი მონაწილეებს უწევდნენ კონსულტაციას, აძლევდნენ რჩევებს, ეხმარებოდნენ ინოვაციური იდეების განვითარებაში და აწვდიდნენ ინფორმაციას ფინანსური განათლებისა და საფინანსო სფეროს შესახებ. 
ღონისძიების დასასრულს თითოეულმა გუნდმა წარადგინა ბიზნეს-გეგმა, რის საფუძველზეც კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. გამარჯვებულებსა და ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცათ საჩუქრები და 123 ქვეყანაში ცნობადი სერტიფიკატი "ინოვაციების ბანაკში" მონაწილეობისთვის.

        43494513_2157394894482444_8258953271025074176_n.jpg    43623136_1946404218739309_6192935665047437312_n.png