2020 წლის 19 ნოემბერს, 09:00 სააათზე, სეზონური სკოლა „სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო და პრაქტიკული კომპონენტების განვითარება“ გაიხსნა. ერთკვირიანი სკოლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების შინაარსობრივ და მეთოდოლოგიურ განვითარებას. აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „უმაღლესი განათლების“ ქვეპროგრამის „უმაღლესი განათლების ხელშეწყობა“ ფარგლებში დაფინანსებულ სეზონურ სკოლას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი ახორციელებს და მასში მონაწილეობას საქართველოს სხვა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებლების განათლების დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად, იღებს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

სეზონური სკოლის შინაარსობრივი საკითხები

სეზონური სკოლის ფარგლებში გათვალისწინებულია თეორიული და პრაქტიკული სესიები შემდეგ თემებზე:

· ბავშვზე ორიენტირებული სოციალური და ფიზიკური გარემო საბავშვო ბაღში;

· ადრეული განათლების პედაგოგიკა (ძირითადი ასპექტები);

· სოციალური მრავალფეროვნება და თანასწორობა სკოლამდელ განათლებაში;

· სკოლამდელი განათლების საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკის კომპონენტის ორგანიზება: პრაქტიკის ტიპები, ხანგრძლივობა, პრაქტიკისთვის საბავშვო ბაღების შერჩევა, სტუდენტების პრაქტიკის სუპერვიზია და სხვა.

· სტუდენტთა პრაქტიკის გზამკვლევი (პრაქტიკის გზამკვლევის სტრუქტურა, სპეციფიკა და შინაარსი).

სეზონური სკოლის მონაწილეები

· ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი;

· აკადემიური პერსონალი საქართველოს იმ სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან, რომლებიც მუშაობენ სკოლამდელი განათლების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე;

. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

· პრაქტიკის კომპონენტის განმახორციელებელი სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები;

· გაეროს ბავშვთა ფონდის ადრეული განათლების პროგრამის სპეციალისტები.

სეზონური სკოლა იმუშავებს 2020 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://school2020.bsu.edu.ge/index.php?lang=ge