2020 წლის 29 იანვარს სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეონა ხუფენიამ საუნივერსიტეტო საზოგადოებას 2020 წლის სამოქმედო გეგმის ანგარიში, 2021 წლის პრიორიტეტები და გეგმები წარუდგინა. რექტორმა საზოგადოებას გააცნო გასული წლის მიღწევები, სტრატეგიული გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგები, ღონისძიებები და აქტივობები.
რექტორმა ხაზი გაუსვა არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტებს, 2021 წელი სასწავლო უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის, სამეცნიერო კვლევებისა და აკადემიური პერსონალის მხარდაჭერის წლად გამოცხადდა. შემუშავებული ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა, მომდევნო ოთხი წლის სამოქმედო გეგმა და კვლევების განვითარების ერთი წლის სამოქმედო გეგმა წარდგენილ იქნა აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოებისთვის დასამტკიცებლად.
რექტორმა მადლიერება გამოხატა მხარდაჭერისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, ასევე მადლობით მიმართა სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს პანდემიის პერიოდში განსაკუთრებული ძალისხმევისთვის, სწავლა-სწავლების შეუფერხებელი წარმართვისთვის, სასწავლო პროცესში ციფრული ტექნოლოგიების უფრო აქტიურად დანერგვისა და ბიზნესუწყვეტობის შენარჩუნებისთვის.
ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო აკადემიურმა, ადმინისტრაციულმა პერსონალმა, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებმა, სტუდენტური თვითმართველობის, ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებმა.