საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის სახელით, გვსურს გაცნობოთ, რომ   ევროპის საპატენტო უწყება (EPO) ახალგაზრდა გამომგონებლებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მოიპოვოს „ახალგაზრდა გამომგონებელთა პრიზი“, რომელიც ითვალისწინებს ფულად ჯილდოს 20 000 ევროს ოდენობით. პრიზი განკუთვნილია ახალგაზრდა ინოვატორებისთვის, რომლებიც მუშაობენ ისეთი ტექნოლოგიური ინოვაციების შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას. „ახალგაზრდა გამომგონებელთა პრიზი“ ახალი ნომინაცია, რომელიც დაემატა EPO-ს ყოველწლიურ კონკურსს „ევროპელი გამომგონებლის ჯილდოს“ 2022 წელს და მისი მიზანია მომავალი თაობის ინოვაციური უნარების წახალისება.
 თუ თავად ხართ 30 წლამდე ინოვატორი, ან იცნობთ ასეთს, არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომ საქართველოში შექმნილ ტექნოლოგიურ ინოვაციას გაეცნოს მსოფლიო.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ EPO-ში 2021 წლის 1 ოქტომბრამდე. თითოეული განაცხადი შემოწმდება EPO-ს მრავალპროფილიანი გამოცდილების ექსპერტების მიერ, ხოლო სამ ფინალისტს გამოავლენს  „ევროპელი გამომგონებლის ჯილდო“-ს დამოუკიდებელი ჟიური.  პრიორიტეტი მიენიჭება გამოგონებასა და სასარგებლო მოდელზე  პატენტის მფლობელ პირთა განაცხადებს. მე-2 და მე-3 ადგილზე გასულ ფინალისტებს გადაეცემათ 10 000 და 5 000 ევროს ფულადი ჯილდო.
 კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3zd6uAd
 სურვილის შემთხვევაში, ინოვატორს ან ინოვატორთა ჯგუფს, საქპატენტი დაეხმარება „ახალგაზრდა გამომგონებელთა პრიზისთვის“ განაცხადის შევსებაში. ასევე, საქპატენტის სასწავლო ცენტრი ორგანიზებას უწევს 1 საათიან, ონლაინ მასტერ-კლასს: „როგორ წარვადგინოთ აპლიკაცია EPO-ს „ახალგაზრდა გამომგონებლის პრიზისთვის“, რომელიც გაიმართება 2021 წლის 22 სექტემბერს, 17:00 საათზე, საკომუნიკაციო პლატფორმაზე - Zoom. შეხვედრას გაუძღვება საქპატენტის გამოგონებებისა და ახალი ჯიშების დეპარტამენტის უფროსი, ბატონი  მერაბ კუცია.
 
ვებინარზე მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია, რის შედეგადაც მეილზე მიიღებთ შეხვედრის ბმულს.
 
საქპატენტი გისურვებთ წარმატებებს!