შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სტუდენტური დღეები 2013–ის ფარგლებში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის დასკვნითი სხდომა გაიმართა, რომელსაც სტუდენტებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებისა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ. სამეცნიერო კონფერენცია საზეიმოდ გახსნა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეონა ხუფენიამ. საკონფერენციო დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას უნივერსიტეტის რექტორმა ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო და რექტორის პირველი ვადის პერიოდში გაწეული სამუშაოების ანგარიში წარუდგინა.                           

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაში  რომელიც 23 აპრილს გაიხსნა და 31 მაისამდე გრძელდებოდა  ორმოცამდე სტუდენტი მონაწილეობდა. წარმოდგენილი იყო ბიზნესის, ფარმაციის, ჰუმანიტარული  და სამართლის მიმართულების აქტუალური თემები.  31 მაისს დასკვნით სხდომაზე წაკითხულ იქნა 7 საუკეთესო ნაშრომი.

მოწვეულმა სტუმრებმა დადებითად შეაფასეს სტუდენტთა  აქტიურობა  და  ჩართულობა მსგავს კონფერენციებში  და უსურვეს მათ შემდგომი წარმატებები სამეცნიერო მუშაობაში.  დასასრულს კონფერენციის ყველა მონაწილეს სპეციალური დიპლომები გადაეცა.