სტუდენტებო,  მომავალო კოლეგებო, ძვირფასო მეგობრებო, ჩემო თანაქალაქელებო,

ჩვენი უნივერსიტეტის 7 წლის ულამაზესი და წარმატებული ისტორია დაიწერა . . .

     იმთავითვე უნივერსიტეტის მისიამ და სტრატეგიამ გამოკვეთა ჩემი სამოქმედო გეგმის უმთავრესი ღირებულებები, რაც დღემდე გამოგვარჩევს. ჩვენი გამარჯვებების გასაღები გახლდათ ის ლამაზი, ჰუმანური და აკადემიური ურთიერთობები,  რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და რომელსაც ვქმნიდით  სირთულეებითა და სიძნელეებით სავსე გზაზე.  

    უდიდესია ჩემი პატივისცემა, სიყვარული და მადლიერება იმ ადამიანების მიმართ, ვინც  ჩემთან ერთად ქმნიდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრს, რომელსაც დღეს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჰქვია ყველა იმ წარმატებით, რაც უნივერსიტეტს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტთა რიგებში აყენებს, ხოლო საერთაშორისო ასპარეზზე აძლევს ევროპის საგანმანათლებლო სივრცის წევრობის სრულ უფლებას.  

     ჩემო უსაყვარლესო სტუდენტებო, ძნელად იძებნება  სიტყვები, რომლითაც გამოვხატავდი ჩემს თქვენდამი დამოკიდებულებას, ეს უფრო დიდია, ვიდრე დედაშვილობა, მეგობრობა ან კოლეგიალობა. მე თქვენში ჩემი ქვეყნის, სამშობლოს – საქართველოს ხვალინდელი დღის დიდი იმედის ნაპერწკალს ვხედავ, რომელსაც მუდმივად ვაღვივებ თავმდაბლობით, სიყვარულით, თანადგომით, ცოდნით, მეგობრობით, საქმის სიყვარულით. ეს ის მთავარი ღირებულებებია, რომელიც საზოგადოების ღირსეულ წევრებად გვაქცევს, მხოლოდ ამ თვისებებით აღჭურვილთა ხილვისას   ჩავთვლიდი მისიას შესრულებულად და ვიამაყებდი თითოეული თქვენგანით. მინდა დიდი ილია დავიმოწმო და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ უნივერსიტეტში გატარებული წლები ,,ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა“ ეს წლები ,,ტვინში და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა, ეს კვირტი კიდევ ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლყურძენაცა“. ვნატრობ და მჯერა, რომ უნივერსიტეტში გატარებულ წლებს ,,რიგიანად მოიხმართ“.

      ჩვენი უნივერსიტეტის კონტინგენტის  დიდი ნაწილი აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტები არიან. მინდა განსაკუთრებული სითბო გამოვხატო თქვენ მიმართ და გითხრათ, რომ უნივერსიტეტის მთავარი სტრატეგიული პროექტები უპირველესად სწორედ თქვენზეა ორიენტირებული. ერთად გავუმკლავდეთ საერთო ტკივილს.

       გისურვებთ წარმატებებს.

თეონა ხუფენია
 პროფესორი
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი