შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა ღია კარის დღე უფასო სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით.  ხაზი გაესვა პროფესიულ განათლებას, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარ სტრატეგიულ, ხოლო უნივერსიტეტისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უნივერსიტეტში სრულად ფინანსდება და ხორციელდება ბიზნესის, ტურიზმის, აგრარული, სამშენებლო, ჯანდაცვის, სამართლის, საინჟინრო მიმართულებები, რომლებზეც მიმდინარეობს რეგისტრაცია მიმდინარე წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.

შეხვედრაზე აღინიშნა დამსაქმებელთა ჩართულობისა და უდიდესი როლის შესახებ პროფესიული პროგრამების როგორც შექმნაში, ასევე განხორციელებაში. 2014-2015 სასწავლო წელი უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით საპასუხისმგებლოა, რადგან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით უნივერსიტეტი განახორციელებს მოდერნიზებული სტანდარტების შესაბამის საპილოტე მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს აგრარული მიმართულებით შემდეგ სპეციალობებში: ,,ფერმერი“, ,,მეცხოველე“, ,,ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტი“.

ღია კარის დღეს ესწრებოდნენ ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, საჯარო სკოლის დირექტორები, დამსაქმებლები, მათ შორის, ზუგდიდის მრავალპროფილიანი საავადმყოფო ,,რესპუბლიკას“, ფარმაცევტული კომპანიების, საბანკო სტრუქტურების, სამშენებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებთანაც უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები.