პირველად საქართველოსა და კავკასიაში,  მეცნიერებისა და ინოვაციების  კვირეული გაიხსნა. კვირეულის ჩატარების თარიღი სიმბოლურია. იგი  10 ნოემბერს, მეცნიერების საერთაშორისო დღეს გაიხსნა და 17 ნოემბერს, სტუდენტთა საერთაშორისო დღეს დასრულდება.

კვირეულის მიზნებია:

  • სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა;
  • ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა;
  • საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
  • ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;
  • ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციის ზრდა;
  • სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.

კვირეულის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე, საერთაშორისო მასშტაბის ცენტრალური და აგრეთვე 100-ზე მეტი პარალელური ღონისძიება. კერძოდ, კონფერენციები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები და გამოფენები, სამეცნიერო-პოპულარული ლექცია-სემინარები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, სამეცნიერო კაფეები, სახალისო მეცნიერება სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვ.

გამორჩეული და საინტერესოა კვირეულის ლოგო, რომელზეც გამოსახულია ქართველი ხელოვანის, ბაჩა ხოფერიას (Dr. Love) ურბანული ხელოვნების ნიმუში: „ზეზვა და მზია იღებენ სელფის“, რომელიც შთაგონებულია დმანისში აღმოჩენილი ჰომინინის რეკონსტრუქციით. კვირეულის ლოგო განასახიერებს მეცნიერებისა და ინოვაციების განვითარების სიმბოლურ გზას: უხსოვარი დროიდან დღემდე. „ზეზვა და მზია იღებენ სელფის“ გვახსენებს, რომ მეცნიერება ჩვენი ყოველდღიური, პრაქტიკული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

უპრეცედენტოა კვირეულის გეოგრაფია - თბილისი, თელავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ახალქალაქი, აბასთუმანი, იგოეთი, ალვანი, ზემო ვეჯინი.

სრული ინფორმაცია კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე http://mes.gov.ge/science/?page_id=196

კვირეულის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება 2015 წლის  12 ნოემბერს   13სთ-ზე  უნივერსიტეტის  საკონფერენციო  დარბაზში (III  სართული)

ინფორმაციისთვის დარეკეთ         593 32 42 42.  577 16 40 13