პროფესორი შოთა მესხია

მიმდინარეობს საიტის განახლება

(1916–1972)

   გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპოდენტი შოთა ამბაკოს ძე მესხია დაიბადა 1916 წლის 27 აპრილს სოფ. ობუჯში (ახლანდელი წალენჯიხის რ–ნი). დაამთავრა ზუგდიდის არასრული საშუალო სკოლა, შემდეგ ზუგდიდის სატყეო ტექნიკუმი. 1933 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, სადაც ისმენდა გამოჩენილი ქართველი მეცნიერების ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას, შალვა ნუცუბიძისა და სხვათა ლექციებს. მისი, როგორც მომავალი ისტორიკოსის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ცნობილ მწერალთან ლეო ქიაჩელთან და ისტორიკოს სიმონ ჯანაშიასთან ურთიერთობამ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შ. მესხიამ ერთი წელი იმუშავა ზუგდიდის რაიონის სოფ. კახათის საშუალო სკოლის დირექტორად, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ენის, ისტორიისა და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის (ენიმკის) ასპირანტურაში, სადაც აკად. სიმონ ჯანაშიას ხელმძღვანელობით დაიწყო ფეოდალური საქართველოს ისტორიის მეტად მნიშვნელოვანი პრობლემის––ხელოსნური წარმოების ისტორიის შესწავლა. მეორე მსოფლიო ომმა დროებით შეაფერხა მომავალი მეცნიერის მოღვაწეობა. ის როგორც ოფიცერი, მამაცურად იბრძოდა ჩრდ. კავკასიის ფრონტებზე, სადაც მძიმედ დაიჭრა. დემობილიზაციის შემდეგ შ. მესხია აგრძელებს სამეცნიერო მუშაობას და 1942 წ. 15 დეკემბერს წარმატებით იცავს საკანდიდატო დისერტაციას თემაზე: ,,ხელოსნობა ძველ საქართველოში“.

      სხვადასხვა დროს შ. მესხია მუშაობდა ისტორიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ–თანამშრომლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიის კათედრის დოცენტად. 1951 –1953 წწ. შ. მესხია დოქტორანტურის კურსს გადის სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურაში გამოჩენილი რუსი ისტორიკოსის, აკად. მიხ. ტიხომიროვის ხელმძღვანელობით. 1955 წ. 24 იანვარს იმავე ინსტიტუტში მან წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე : ,,ფეოდალური საქართველოს ქალაქები და საქალაქო წყობილება’’. 1956 წლიდან ის ინიშნება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ, 1961 წლიდან–– თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის დეკანად, სადაც სიცოცხლის ბოლომდე იღვაწა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრა გახდა საქართველოს ისტორიის კვლევა–შესწავლის მნიშვნელოვანი ცენტრი. პროფ. შოთა მესხიას უშუალო ხელმძღვანელობით მოეწყო არა ერთი სამეცნიერო სესია,  გამოიცა მრავალი სამეცნიერო კრებული. ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის პროფ. შ. მესხიას 1967 წელს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება, იმავე წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპოდენტად. 1971 წელს შ. მესხიამ საქართველოს ისტორიის შესახებ ლექციების კურსი წაიკითხა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში, რომელიც გერმანულ ენაზე გამოიცა. პროფ. შოთა მესხია ასამდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათგან მნიშვნელოვანია: ,,ხელოსნობა ძველ საქართველოში (V–XII სს.), ,,ქალაქები და საქალაქო წყობილება ფეოდალურ საქართველოში,“ ,,საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში,“ ,,თბილისის ისტორია“ (პროფ. დავით გვრიტიშვილთან თანაავტორობით 1952 წ.) ,,დიდგორის ბრძოლა“ (1965 წ), ,,ძლევაი საკვირველი“ ( ხელახალი გამოცემა 1972 წ.)     ,,Из истории русско– грузинских взаимоотношений (X-XIIвв)   (პროფ. იასე ცინცაძესთან თანაავტორობით. 1958 წ.) ,,საშინაო ვითარება და სამოხელეო წყობა მე–12 საუკუნის საქართველოში“ (1979 წ.) პროფ. შ. მესხიას ეკუთვნის ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანის ,,ძეგლი ერისთავთას“ მეცნიერულად გამოკვლეული ტექსტის გამოცემა. მის  მეცნიერულ მემკვიდრეობაში დიდი ადგილი დაიკავა ვახუშტი ბაგრატიონის, ნიკო დადიანის, ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიას, ნიკო ბერძენიშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გამოქვეყნებულმა ნაშრომებმა.  უდიდესია პროფ. შ. მესხიას დამსახურება საქართველოს ისტორიის პირველი სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნის თვალსაზრისითაც. ისტორიკოს ვიქტორ გუჩუასთან ერთად მან მოამზადა პირველი სასკოლო სახელმძღვანელო საქართველოს ისტორიაში, რომელიც დიდხანს ემსახურებოდა მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის კეთილშობილურ საქმეს. პროფ. შ. მესხია აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ,,საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ რვატომეულის მომზადებაში.  თვითონ იყო მეორე ტომის რედაქტორი. დაჯილოებული  იყო არა ერთი სახელმწიფო ჯილდოთი: მიღებული ჰქონდა მედალი ,,შრომითი მამაცობისათვის,“ ,,შრომის წითელი დროშის“ ორდენი,   აკად. სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო პრემია, მეორე მსოფლიო ომში გამოჩენილი მამაცობისათვის –– სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენი და მედალი ,,კავკასიის დაცვისათვის.“

    მაღალპროდუქტიული მეცნიერი ამავე დროს შესანიშნავი პედაგოგი და კოლეგა იყო. მისი  ჰუმანური, ამავე დროს საქმისადმი მეტად პრინციპული დამოკიდებულება ახალგაზრდებსა და კოლეგებში განსაკუთრებულ მოწიწებასა და ხიბლს იწვევდა. მისი უშუალო ხელდასმით არა ერთი სახელოვანი მკვლევარ–ისტორიკოსი მოევლინა ქართულ საისტორიო მეცნიერებას. 

    პროფ. შოთა მესხია, შემოქმედებითი ძიებებით აღსავსე, 56 წლის ასაკში  მძიმე სენით გარდაიცვალა 1972 წლის 15 მაისს. დაკრძალულია ქართველ  მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.